20.12.2013
. . .
35, Tbilisi, Gruusia

თოვლის ასულო, გადმომხედე ღრუბლის გემიდან,
შესვი უმანკო სიველურე, ჩამაცვი კვართი,
ჩემს პოეზიას უმფარველე, ვით არტემიდა,
ნუ მიგულგრილებ, გაიხსენე, როგორ გიყვარდი,
თოვლის ასულო, გადმომხედე ღრუბლის გემიდან.

სული და ხორცი შემირყიე, მომტაცე მზერა,
მიწა აკუწე სტრიქონებად, მუსიკა ჩადე,
ლურჯ მწვერვალებზე ააფრინე რძისფერი ძერა,
ვერცხლის სიზმრებში დამაფარე ბაჯაღლოს ბადე,
სული და ხორცი შემირყიე, მომტაცე მზერა.

სირინოზების ხმით მიმღერე, მომგვარე ძილი,
შეშლილს ლოცვები წამიკითხე, შემარგე ღამე,
მძინარე სულში ამიცეკვე თითები გრილი,
ფიფქები ღვარე, მასმენინე ყინულის გამებს,
სირინოზების ხმით მიმღერე, მომგვარე ძილი.

ხორბლის ნათესში აჯირითე ჩემი ტაიჭი,
სტუმრად მეწვიე... როგორ მიყვარს, როცა მნახულობ...
თვალი წამართვი და კელაპტრად მთვარე დაიჭი,
ბნელი რას გიზამს, გაზაფხულის მზით ჩასახულო,
ხორბლის ნათესში აჯირითე ჩემი ტაიჭი.

უფლის ვენახი მაკრეფინე, ზეცა დახურე,
ჩემში ერთმანეთს შეაბრძოლე რწმენა და შიში,
ნება მომეცი, გეამბორო და მიმსახურე,
ჩემი მუზა ხარ უსასრულო, სულის ჰაშიში,
უფლის ვენახი მაკრეფინე, ზეცა და ხურე.

არასდროს მოკვდე, ისეირნე ქათქათა ტბაზე,
იარე მუდამ ღიმილებით, წყალზე იარე,
შენ თუ მოკვდები, მეც მოვკვდები, ვერ გავძლებ ასე,
რა თავში ვიხლი ოქროს, დავრჩი თუ მგლოვიარე?!...
არასდროს მოკვდე, ისეირნე ქათქათა ტბაზე...

4 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.