♥️♥️♥️
31, Tbilisi, Georgia

??

___შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი. 

___ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის...  

___მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან, მერე რა უნდა ვქნა ჯერ არ ვიცი. ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან.

___ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები, შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან. ბუხარში კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი. ცოტა გრძნობებს მივუმატებ და ცეცხლს დავანთებ ახლავე. მთავარია რწმენა ვიპოვო.სადღაც აქვე მქონდა, სულ ფეხებში მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ, არადა, იმდენი ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია, აღარც აინთება რწმენის გარეშე. მოდი, დედაჩემის სიყვარულს მოგასხამ, იცი როგორი თბილია? თან თავისი ხელით მომიქსოვა, ნახე როგორ გაგათბობს. რომ შემეძლოს რაიმეთი გაგიმასპინძლდებოდი, თუმცა უკანასკნელი ობმოდებული სურვილებისაგან ახლახან გამოვათავისუფლე განჯინა.

___ვაი!.. თითი გავიჭერი. ეტყობა ისევ იმ ამოტეხილ სასოწარკვეთილებას გამოვდე, მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე?არადა სულ მავიწყდება რომ ფრთხილად უნდა ვიყო. მაგიდაზე შვების პატარა ნაჭერი უნდა იდოს და თუ არ შეწუხდები მომაწოდე რა, თითს გადავიხვევ. უი, ფრთხილად... არაუშავს. აქ ისეა ყველაფერი მიყრილმოყრილი... მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე. ისე ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,იქნებ ოდესმე შევძლო მისი შეკეთება... კარგი რა, ნუ მოიწყინე, გინდა რაღაც გაჩვენო? მოდი, ფრთხილად, გაიხედე, ფერმკრთალ დისკოს ხედავ? არა, ეს ჩემი არაა, ჩემი ჯერ ასე არ კაშკაშებს, იქეთ, უფრო უკან, დაინახე? იცი ეს რა არის? – ჩემი მიზანია. ჯერ სულ ახლახანს გამოჩნდა და ამიტომაა ასეთი სიფრიფანა, თუმცა ვერც წარმოიდგენ, ამან როგორ გამახარა – ჩემს ცხოვრებასაც რომ გაუჩნდა დანიშნულების ადგილი...

– თავი დახარე! ... – კიდევ დაგვეჯახა, აუუ შეხედე, ისევ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ვერაფრით გამიგია ჩემგან რა უნდა, სულ ასე იცის, რაც ეს მიზანი გამოჩნდა იმის მერე მითუმეტეს, ცდილობს როგორმე გზიდან გადამაგდოს, არადა, აქ ერთხელ თუ აცდი მიზანს, მორჩა, ამდენ აბრდღვიალებულ დისკოში ვეღარც იპოვი ალბათ ვერასოდეს. კიდევ კარგი, შენ რომ ვერ დაგინახა,ცუდად კი არ გამიგო, უბრალოდ ჩვენთან სტუმრები არ დადიან... მოდი რა, ჩვენც წავიდეთ სადმე, თითო ნუგეში გადავკრათ. ცხოვრება ისედაც მოიცდის...

1 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes