ბავშვობის ბილიკს...
47, Tbilisi, Gruusia



ბავშვობის ბილიკს, ფიქრით მოკირწყლულს და მზის სხივებით ნაბანს,
კვლავ ასკინკილით შევუყვები და ნატვრას ავიხდენ წლების...
ისევ მოვირგებ დედის შეკერილ ფერადი ჩითის კაბას,
შენც, ძველებურად, ბაღის ბოლოში, ჯირკზე დამხვდები, ბები

საქსოვით ხელში. ტკბილად ჩამკოცნი და შავი თავშლის ბოლოს
დანაოჭებულ თვალის უპესთან ააცახცახებ მალვით,
მეც ჩაგეკვრები გულში, ლოყაზე ტუჩებს მოგადებ მხოლოდ
(როგორც ვიცოდი), მერე სახლისკენ გზას ,,გაგვიკვალავს" ძაღლი,

შენი ერთგული თეთრი ,,თოვლია'(გახსოვს, გაზარდე როგორ?),
მიტოვებული ყველასგან, კაბის კალთით დაგყავდა დიდხანს,
ზამთარში, ღამის ყრუ სიჩუმეში, ის, ერთადერთი ,,გოგო"
გაიმედებდა, მარტოსულობა მანაც შენსავით ზიდა!

იცი, სურნელი ხის ოდის, ახლაც მენატრება და ბევრჯერ
გაცრეცილ დღეებს, მოგონებებთან ვაწყვილებ ძალზე ფრთხილად...
ვცდილობ და მაინც ისეთი გემო ჩემს მომზადებულ ელარჯს
არასდროსა აქვს, შენ რომ იცოდი, არც შენებური მწნილი

გამომდის, ბებო! როგორ მომინდა შენი ხელების სითბო,
უძველეს ხატთან, საკმევლის სუნში გაგრძელებული ლოცვა
მეტანიებით, დაღლამდე...შენი ძველი ბეჭედი თითბრის,
ჩემს არათითზე გაინაბება, შემომაწვება როცა

კაეშანი და ბავშვობის ბილიკს ტკბილ მოგონებებს ვაწვევ,
გვირილობისას, სოფლის ბოლოში, ლოდინით დაღლილ საფლავს
ცრემლით გაგითბობ (გრილი ნიავი ააკანკალებს ანწლებს)
ფსალმუნთგალობით...მთვარე ცვილისფერ წამწამებს დახრის დაბლა...

24 vaatamisi
 
Kommentaarid
teamasi 25.03.2012

მომენატრა ბებო :((

agni121 25.03.2012


საქსოვით ხელში. ტკბილად ჩამკოცნი და შავი თავშლის ბოლოს
დანაოჭებულ თვალის უპესთან ააცახცახებ მალვით,

EKA3EKA EKA3EKA 25.03.2012

მეც ჩაგეკვრები გულში, ლოყაზე ტუჩებს მოგადებ მხოლოდ...

არავინ 24.03.2012

იცი, სურნელი ხის ოდის, ახლაც მენატრება და ბევრჯერ
გაცრეცილ დღეებს, მოგონებებთან ვაწყვილებ ძალზე ფრთხილად...

EKA3EKA EKA3EKA 24.03.2012

ბავშვობის ბილიკს, ფიქრით მოკირწყლულს და მზის სხივებით ნაბანს,
კვლავ ასკინკილით შევუყვები და ნატვრას ავიხდენ წლების...

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.