ერთხელ...
37, Tbilisi, Gruusia

ერთხელ ერთი კაცი შემიყვარდა.

ყოველგვარი შესავლებისა და ცერემონიების გარეშე , როცა ჩამოიარა, უკან გავყევი.

გამიჭირდა.

ვერაფრით ავუწყე ფეხი მის გრძელ ნაბიჯებს. ჩამოვრჩებოდი და იქვე მიზამთრდებოდა. მერე უკან ვბრუნდებოდი, გადმოვივლიდი ცხრა მთას და ცხრა ზღვას, ცხრაპირი ტყავი გადამძვრებოდა ქუსლებზე და ცხრავე სიცოცხლე ყელში მებჯინებოდა . მერე ისევ თავიდან ჩამოივლიდა და ისევ მიყვარდებოდა თავიდან.

როცა მის ნაბიჯებს ფეხი ისე ავუწყე , რომ თვალებში ვარსკვლავები ამიკიაფდნენ და ღიღინი წამოვიწყე, ადგა და გზიდან გადაუხვია. იმ ღამეს მხარ-ბეჭი სხვას მოაშიშვლებინა და სხვას დააკოცნინა თანავარსკვლავედივით მიმოფანტული ხალები. გამთენიამდე ვებრძოლე სიბრაზეს. მერე ლავიწებში ჩაგუბებული ცრემლებით ჩამოვიბანე ტანი და როცა კიდევ ჩამოიარა , უკან აღარ გავყევი. წამით შეჩერდა თვითონაც. ფეხიც თითქოს აერია,მაგრამ მაინც გაუდგა თავის გზას.

ფეხებთან ქვები დავილაგე. ღრმად ჩავისუნთქე და მანამდე ვიოცნებე, სანამ ფრჩხილებიდან ფესვები არ გამომივიდა.

იმ გაზაფხულზე ავყვავილდი . მანაც ჩამოიარა და ჩემდა გასაკვირად ჩემს ჩრდილში შეისვენა. ჩასთვლიმა და მეც სიზმრებში შევყევი. არ გამომიშვა. გაღვიძებამდე მასხამდა ნეტარების ოფლი.

შვილები ვაშლებად გამოვისხი. წასვლა რომ დააპირა, ხურჯინში ჩაიყარა საგზლად.

ბევრი წელი ვიყვავილე, ვისხამდი შვილებს და ვატანდი.

შესაწირებივით.

უკან დაბრუნების იმედებად.

ერთი წელი იყო , ვერ გამოვისხი შვილები და თვითონაც იშიმშილა.

ბოლოს რომ ჩამოიარა, ნისლები უჩანდა თვალებში. დაწვა ჩრდილში და უსიზმროდ დაიძინა. სიზმრების კარი სამუდამოდ ჩაიკეტა შიგნიდან და აღარ გაუღვიძია. ჩამოვხარე დაკოჟრილი და უკვე შემხმარი ტოტები და მოვეხვიე. აღარ გავსწორებულვარ. მეც თვალები მივხუჭე და სიკვდილისთვის გავემზადე.

მერე აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე, ვერაფრით გადავთვალე გაზაფხულები.

მხოლოდ ის მახსოვს, რომ როცა სოფლიდან ახოვანი კაცები ნაჯახით მოვიდნენ, უკანასკნელად შევისუნთქე ჰაერი და გავიხსენე, რომ ერთხელ ერთი კაცი შემიყვარდა... ..

1 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.