ერთმანეთი შემოდგომაზე უნდა შეგვიყვარდეს
26, Tbilisi, Gruusia

ერთმანეთი შემოდგომაზე უნდა შეგვიყვარდეს.
უნდა შეგ(ვ)იყვარდე(ს). !!
გვიან ოქტომბერში, წვიმისგან ატალახებულ ქუჩებში. სიცივისგან აწითლებული სახეებით, დასვრილი ფეხსაცმლით, უფორმო სვიტრებით. უნდა შეგვიყვარდეს აკანკალებული თითებით, დამსკდარი ტუჩებით. უფერულ ტანსაცმელში გამოწყობილებს. ისეთსავე ამინდში, როგორებიც ვართ ჩვენ თავადვე. იშვიათად, ან ხშირად.
უნდა შეგვიყვარდეს ტალახით გაზუნზლულებს, სველი თმებით. ისე უნდა შეგვიყვარდეს, არც გვინდოდეს გამოდარება. სხვები რომ შეწუხებული სახეებით გაექცევიან წვიმას, ჩვენ არსად უნდა გვქონდეს გასაქცევი. დაგვასველებს მხოლოდ, არაფერი მოგვივა ერთმანეთის გვერდით.
უნდა შეგვიყვარდეს რეალური სახეებით და არა შეღებილი თვალებითა და ტუჩებით.
გაზაფხულზე ყველა შეგვიყვარებს. ჩავიცვამთ, მე ჭრელ კაბებს, შენ ფერად პერანგებს. ჩავიწნი თმაში ყვავილებს და გავლამაზდებით. მზისფერი გახდება კანიც. გაზაფხულზე შეყვარება ადვილია. მოვეწონებით, ჩვენი უსახური, სქელი ტანსაცმლიდან გამოვძვრებით და სხვებიც დაგვინახავენ, სხვებიც შეგვამჩნევენ.
ჩვენ კი, ერთმანეთი შემოდგომაზე უნდა შეგვიყვარდეს.
მაშინ, როცა ერთმანეთის თვალების დანახვაც გაგვიჭირდება, ცხვირამდე აწეული კაშნესა და სქლად ნაქსოვი ქუდის გამო.
არ მინდა დათბეს.
მინდა გაყინულ თითებს მითბობდეს ცხელი სუნთქვა.
გაზაფხულზე ამას ვერ შევძლებთ.
მინდა ვლაპარაკობდეთ. ერთმანეთზე, ერთმანეთთან.
გაზაფხულზე ვერც ამას შევძლებთ.
მინდა მხოლოდ ერთმანეთს ვხედავდეთ და ვერც ამას შევძლებთ გაზაფხულზე.
მინდა გვიყვარდეს საშინელ ამინდში. სხვას რომ ცხვირის გაყოფა არ მოუნდება სახლიდან, ჩვენ უბრალოდ გვერდიგვერდ მივდიოდეთ და არაფერი გვინდოდეს საუბრის მეტი. შენს მუსიკას უსმენდე ჩემს ყურსასმენებში და უსიტყვოდ ვაბიჯებდეთ სქელძირიან, დასვრილ ფეხსაცმელებს გუბეებში.
შემოდგომაზე უნდა შევნიშნოთ ერთმანეთი. მაშინ, როცა საკუთარი თავის დანახვაც კი არ გვინდა და გულგრილად ვუვლით სარკეს გვერდს. მაშინ, ყველაფერი ერთმანეთზე რომ გვაცვია და მაინც გვცივა. მაშინ, ცხელი ყავით სავსე ჭიქა ხელებს რომ ძლივს ათბობს, დაწვის ნაცვლად. მაშინ, ფილმებს რომ უნდა ვუყურებდეთ ერთ პლედში გახვეულები.
არ მინდა მაჩუქო ყვავილები. არც ამწვანებულ, ახლადამოსულ ბალახზე ზურგით გაწოლა მინდა. ისეთი სიცივე მინდა, მხოლოდ შენ გვერდით რომ ვგრძნობდე ძარღვებში სისხლის მოძრაობას. ისეთი ამინდი მინდა, საგულდაგულოდ დასწორებულ თმას რომ ერთიანად ჩამომირეცხავს და შენ მაინც მოგეწონები.
არ მინდა მამშვიდებდე. არ მინდა ატირებულს ცრემლებს მწმენდდე და მეუბნებოდე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საერთოდ არ მინდა სიტყვები, როცა შენთან ვიტირებ. ისედაც ვიგრძნობ, რომ ხარ. ჩემთან ხარ. ვიგრძნობ, რომ არაფერიც არ იქნება კარგად, მაგრამ მაინც არ მტოვებ.
არც მე დაგამშვიდებ, როცა პრობლემები გექნება. არ მოგატყუებ უაზრო სიტყვებით, რომელშიც თავადაც არ ვიქნები დარწმუნებული. მხოლოდ მხარზე ჩამოგაყრდნობ ნიკაპს და ერთადერთი, რასაც გაიგონებ, უფრო მეტად კი, იგრძნობ, ჩემი სუნთქვა იქნება.
სხვა არც არაფერი დაგვჭირდება.
მხოლოდ შემოდგომაზე შეგვიყვარდება ნამდვილად.
მხოლოდ შემოდგომაზე დავინახავთ ერთმანეთის თვალებს.
მხოლოდ შემოდგომაზე შევძლებთ გაყინული ხელების ჩაკიდებით გათბობას.
ჩვენ ერთმანეთი შემოდგომაზე უნდა შეგვიყვარდეს.
უნდა შეგ(ვ)იყვარდე(ს).
უნდა შეგიყვარდე

44 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.